Eng Geo
სიახლე სტრუქტურა კვლევები პროექტები პუბლიკაციები პარტნიორები კონტაქტი ფორუმი  
 

ჩვენ შესახებ

2009 წლის დეკემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ხორციელდება ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ ქ. შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. 1947 წელს ქ.შპაიერში დაფუძნდა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა აკადემია, რომელიც 1950 წელს  ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის ფართო საერთაშორისო კონტაქტებისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უნივერსიტეტი, რომელიც ადმინისტრაციული მეცნიერების კვლევაზე, საჯარო მოხელეთა მომზადებაზე და გადამზადებაზეა ორიენტირებული. შპაიერის უნივერსიტეტი ერთადერთია გერმანიაში, რომელიც ამ კუთხით სთავაზობს დაინტერესებულ პირებს განათლებას და სწორედ ამის გამო გერმანიის თექვსმეტივე ფედერალური მიწისაგან იღებს დაფინანსებას. ამ უნივერისტეტის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ იგი არის ინტერდისციპლინური და ორიენტირებულია პრაქტიკაზე დამყარებულ მეცნიერებაზე. დღემდე შპაიერის უნივერსიტეტს არაერთი საჯარო მოხელე თუ ცნობილი პოლიტიკოსი გამოუზრდია, როგორც გერმანიის, ასევე, მთელი ევროპის მასშტაბით.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი შპაიერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას „საჯარო მმართველობა“, რაც   ემსახურება მომავალი საჯარო მოხელეების მომზადებას, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან საკუთარ მოვალეობებსა და თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების მოთხოვნებს. სასწავლო პროგრამა მოდულარულად 2 წელიწადზე არის გაწერილი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ძირითადი ლექციების “ტანდემ-ფორმატში” განხორციელება, რაც გულისხმობს ევროპელი და ქართველი პროფესორების მიერ ერთობლივი სალექციო კურსების მომზადებასა და ჩატარებას. ჩვენს პროგრამაზე ლექციებს კითხულობენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და პროფესორები როგორებიც არიან კარლ–პეტერ ზომერმანი, ანდრეას კნორი, ჰერმან ჰილი და ულრიხ შტელკენსი, რომელთა პროფესიონალიზმის შესახებ ცნობილია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გერმანელ პროფესორებს პარტნიორობას უწევდნენ და უწევენ ისეთი ქართველი მეცნიერები თუ პრაქტიკოსი პირები, როგორებიც არიან, პაატა ტურავა, დავით ნარმანია, ირაკლი კობახიძე, მაია კოპალეიშვილი, ნანი მაჭარაშვილი და სხვები.

 

პროგრამა გათვლილია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე იმ პირთათვის, რომლებიც უკვე მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამის პირველი წლის ბოლოს  განსაზღვრულია სტუდენტთა 2 თვიანი პრაქტიკა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში. ხოლო მეორე წლის ბოლოს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ასევე 2 თვიანი პრაქტიკა გაიარონ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ინსტიტუციაში. პროგრამის პირველი ნაკადის სტუდეტები უკვე იმყოფებოდნენ გერმანიაში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში პრაქტიკებზე: გერმანიის ფედერალური კონტროლის პალატა ქ. ბონი, ქ. მაინცის იუსტიციის სამინისტრო, ქ. ბერლინი ეკონომიკის სამინისტრო, ქ. ბერლინი საქართველოს საკონსულო და ა.შ. უცხოეთის პრაქტიკების შემდგომ, სტუდენტები 2 კვირით მიწვეულნი არიან ქ.შპაიერში, საზაფხულო სკოლაში. პროგრამის სრულ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ფოლკსვაგენის ფონდი“-„Volkswagenstiftung“, აქ იგულისხმება უცხოელი ლექტორების ჩამოსვლისა და ჰონორარების უზრუნველყოფა, ყველა სტუდენტის საზაფხულო სკოლისა თუ უცხოეთის პრაქტიკებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და პროგრამის სხვა საორგანიზაციო საკითხების ფინანსური მარდაჭერა.

 

გარდა ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამისა, ქ.შპაიერთან თანამშრომლობის საფუძველზე ხდება უკვე პრაქტიკოსი იურისტების თუ საჯარო მოხელეების სტიპენდიების დაფინანსება ქ. შპაიერში სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. ამ პროექტის ფარგლებში, 2011 წელს ორმა, ხოლო 2012 წლის გაზაფხულზე სამმა პიროვნებამ მოიპოვა სამთვიანი სტიპენდია.

 

2011 წლის ივლისის თვეში ქ. შპაიერში შედგა საქმიანი შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის პასუხისმგებელ პირთა და ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენელ პირთა შორის. ამ შეხვედრაზე, გარდა ზემოხსენებული პროექტებისა, დაისვა საკითხი, რომ თსუ-ში თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდეს „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“. ინსტიტუტის მიზანი უნდა იყოს ადმინისტრაციული მეცნიერებისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის განვითარება და ხელშეწყობა,  ასევე, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროსათვის მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული რეკომენდაციების გაწევა, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.  ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  საქართველოს მთავრობა (ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ) და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი. ინსტიტუტის წევრები იქნებიან მეცნიერები,  იურისტები და სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები. ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის ინსტიტუტის გამგეობა. გამგეობა შედგება მინიმუმ 6 წევრისაგან, სადაც ორი პირი წარმოადგენს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს,  ორი საქართველოს მთავრობას და ორი  წევრი წარმოდგენილია შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან.

 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი დაარსებიდან დღემდე უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. იგი ყოველთვის იყო პროფესიონალების აღმზრდელი და მრავალი წარმატებული ნოვატორული იდეის ავტორი. დღესაც გვსურს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს წინსვლაში. სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს საჯარო მოხელეთა მომზადებისა და გადამზადების სფეროში ძირითადი დამკვეთი და ტაქტის მიმცემი. სახელმწიფოს გარეშე ეს იდეა რეალურად განუხორციელებელია, რადგან ჩვენი  ინსტიტუტის მუშაობა შესაბამისობაში უნდა იყოს სახელმწიფოს მოთხოვნებთან, რომელიც საჯარო მოხელეთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს ეხება.